среда, 30 августа 2017 г.

მოსწავლის ინდივიდუალური დახასიათება

მოსწავლე რომ შევისწავლოთ და დავახასიათოთ, აუცილებელია მასზე დაკვირვება ვაწარმოოთ. ეს მომენტი მაშინ უნდა განვახორციელოთ, როცა კლასი პირველად გადმოგვეცემა სადამრიგებლოდ და ყველა მოსწავლე მეტ-ნეკლებად უცნობია დამრიგებლისთვის. დაკვირვებისათვის უნდა ავირჩიოთ ერთი ან ორი მოსწავლე სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, (ან გნებავთ მთელ კლასზე ვაწარმოოთ დაკვირვება ერთი რომელიმე კონკრეტული მონაცემის მიმართულებით). მაგ:

1. დემოგრაფიული (ასაკი, ოჯახი)
2. ფიზიკური განვითარება
3. ინტერესი (სპორტი, მუსიკა, გართობა)
4. აკად./მოსწრება
5. კომუნიკაბელობა ( ურთიერთობა კლასელებთან, თანატოლებთან, უფროსებთან)
6. ემოციური თავისებურებები (აგრესიულობა, დეპრესიულობა, ოპტიმიზმი, ხალისი და სხვ.)


დაკვირვება წარმოებს ჩუმად უხერხული მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი პროცესის ბუნებრივი მსვლელობისას, რადგან ბავშვს არ უნდა შეექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას საგანგებოდ აკვირდებიან.
დაკვირვების შედეგის მაქსიმალური სიზუტის განსაზღვრისათვის, სასურველია, მას თან ახლდეს ჩანაწერების, ჩახაზვის, ფოტოგრაფირების და სხვა პროცესები, რომლებიც ასახავს ფაქტებს. ასევე, სასურველია, გამოვიყენოთ ისეთი ხერხები და საშუალებები, როგორიცაა:
1. საუბრები
2. წერილობითი პასუხები დასმულ კითხვებზე
3. სამუშაო დოკუმენტაცია (სკოლისა და მასწავლებლის სამუშაო გეგმები, მოსწავლეთა ნაწერები, განმსაზღვრელი შეფასებები ჟურნალიდან, ან განმავითარებელი კომენტარები სხვადასხვა საგნების მასწავლებლებიდან, სხვადასხვა სახის სტატსისტიკური მასალა თითოეულ მოსწავლეზე და ა.შ.)

რაც მთავარია, დაკვირვებას თან უნდა ახლდეს კონკრეტული დასკვნების გამოტანა. ესეც უნდა დაფიქსირდეს ჩანაწერის სახით. დასკვნები დამრიგებელს გამოადგება ყოველთვის მოსწავლის დახასიათების ან წლის ბოლოს სიტყვიერი კომენტარებისთვის.


========================

თუ მოსწავლეს აკვირდება არა დამრიგებელი, არამედ რომელიმე საგნის მასწავლებელი, მაშინ,

მასწავლებელი სპეციალურად უნდა დაუკვირდეს მოსწავლის უნარს – ყურადღებით არის თუ არა გაკვეთილზე? კერძოდ,
1. ყურადღების რომელი მხარე სჭარბობს მასში გაკვეთილზე (თავისუფალი; არათავისუფალი);
2. შეუძლია თუ არა თავისი ყურადღების განაწილება ადვილად ერთი სამუშაოდან მეორეზე?
3. შეუძლია თუ არა მოსწავლეს, მრავალი აქტივობიდან კონცენტრირება მოახდინოს ერთ კონკრეტულ შედარებით მთავარ საკითხზე?


რჩევები მასწავლებელს:
იმისათვის, რომ საგნის მასწავლებელმა იმუშაოს მოსწავლის ყურადღების განვითარებაზე, აუცილებელია იმუშაოს საკუთარ თავზე, კერძოდ, მან უნდა იცოდეს
1. რა ხერხები გამოიყენოს მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობისა და განვითარებისათვის?
2. მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობის რა ხერხები არსებობს გაკვეთილზე (გამოკითხვის, ახსნის დროს)?
3. რამდენად არის დამოკიდებული მოსწავლეთა ყურადღება მასწავლებლის მუშაობის სხვადასხვა სახეობაზე, კერძოდ:
ა) სასწავლო მასალის მიწოდების ხასიათზე (ლოგიკურობაზე, ემოციურობაზე);
ბ) კითხვებზე, როგორც კლასის აქტიურობის საშუალებაზე;
გ) თეორიული მასალის პრაქტიკული საშუალებების გამოყენების მოცულობაზე და ა.შ.

მოსწავლის პედაგოგიური დახასიათება კლასის ხელმძღვანელის მიერ

ბავშვის რომელი თვისება უნდა დაედოს საფუძვლად მის პედაგოგიურ დახასიათებას? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი. ამისთვის აუცილებელია, ბავშვზე ყოველდღიურად ვაწარმოოთ დაკვირვება. უპირველეს ყოვლისა უნდა აღმოვაჩინოთ მისი ფსიქოლოგიური თვისებები. დახასიათებაში მოცემული უნდა იყოს მოსწავლის არსებითი ინდივიდუალური თვისებები და შემდგომი მუშაობის პერსპექტივები.
მოსწავლის ხასიათისა და ფიზიკურ-გონებრივი განვითარების შესწავლა ხდება დაკვირვების გზით სკოლაში და სკოლის გარეთ. კლასის ხელმძღვანელს არ უნდა გამორჩეს ბავშვის ცხოვრების არცერთი მომენტი. იგი სისტემატიურად უნდა აწარმოებდეს ყველა ძირითადი დამახასიათებელი თვისებისა და საქციელის აღნუსხვას, როგორც თავის მეხსიერებაში, ასევე წერილობით. პირადი დაკვირვებით და საგნის მასწავლებელთა დაკვირვებით გამოავლინოს მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებანი და ამის მიხედვით აწარმოოს მასზე ზემოქმედება.
კლასის ხელმძღვანელს წლის ბოლოს ხელთ უნდა ჰქონდეს მოსწავლის დასახასიათებლად შემდეგი სახის მასალები:
1. ბავშვის საერთო განვითარება.
2. ინტერესი.
3. მიდრეკილება.
4. სწავლისა და შრომისადმი დამოკიდებულება.
5. მისი საზოგადოებრივი სახე.
6. ტემპერამენტი.
7. მორალურ-ნებელობითი თვისებები.
8. შემოქმედებითი უნარი და სხვ.
  ამავე დროს, საჭიროა, პედაგოგი იძლეოდეს მოსწავლის ამა თუ იმ უარყოფითი თვისების გამოსწორების გზებს, რაც მომავალში მას ან მის შემცვლელ მასწავლებელს გაუადვილებს მუშაობას, მოსწავლის სრულყოფილად აღზრდას.
  როცა კლ./ხელმძრვანელი იწყებს მოსწავლის დახასიათებას, მან უნდა გამოიყენოს არა მარტო მის მეხსიერებაში არსებული დასკვნები, არამედ გადაათვალიეროს თავისი ჩანაწერები, მოსწავლის რვეულები, სასკოლო ჟურნალი, ზემოქმედების ღონისძიებანი, მოუსმინოს საგნის მასწავლებლებს. ამის შემდეგ ჯერ გააკეთოს შავად მონახაზი, მერე გადაათეთროს და ისე შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში.
  დახასიათება უნდა იყოს დახვეწილი, აზრიანი, ამომწურავი, ლაკონური, მაგრამ ლაკონურობამ არ უნდა დაჩრდილოს და განდევნოს დახასიათებიდან ფაქტობრივი მასალა.
  მოსწვლის დახასიათების შესადგენად, შესაძლოა, გამოვიყენოთ შემდეგი საორიენტაციო საკითხები:
1. მოსწავლის ყოფაქცევა კლასში, დასვენების დროს და სკოლის გარეთ.
2. ინტერესი და ყურადღება გაკვეთილზე.
3. გულწრფელობა და სიმართლე.
4. სწავლისა და შრომისადმი დამოკიდებულება. (შრომისუნარიანობა, სიბეჯითე)
5. მიდრეკილება.
6. წიგნიერება და საერთო განვითარება.
7. აკურატულობა, დაჯერება, აღმსრულებლობა.
8. ურთიერთობა ამხანაგებთან, მოსწავლეთა კოლექტივთან.
9. შემოქმედებითი უნარი.
10 სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა.

11. შემჩნეული უარყოფითი მხარეების გამოსწორების მეთოდები და ხერხები.....

არსებობს წესები..


არსებობს წესები, რომელიც პედაგოგმა უნდა მიიღოს და განახორციელოს, როგორც აქსიომა, დოგმა, უცვლელი ჭეშმარიტება. მაგ:
  1. - მიიღე ბავშვი ისეთი, როგორიც არის!
  2. - ყოვლადდაუშვებელია ბავშვის შეურაცხყოფა!
  3. - ზერელე დასკვნებს ნუ გამოიტან, დასკვნამდე იკითხე "რატომ?"
  4. - დღევანდელ სკოლაში მთავარია მოსწავლესთან თანამშრომლობა;
  5. - შეეცადე მართო საკუთარი თავი და პასუხი აგე შენს ქცევაზე;
  6. - ნუ წაუყენებ ბავშვს ერთდროულად რამდენიმე მოთხოვნას;
  7. - მართალი იყავი შენი სინდისის წინაშე;
  8. - როგორებიც ვართ კრიტიკულ სიტუაციაში, ისეთები ვართ სინამდვილეში;
  9. - მიეცით ბავშვს თავისუფლება, ნუ გაუკონტროლებთ ყველა ნაბიჯს, მაგრამ მუდმივად გყავდეს ყურადღების ქვეშ;
  10. - განრისხებული ნუ დაარიგებთ ჭკუას;
  11. - აგრესია შობს აგრესიას;
  12. - გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ ცხელ გულზე;
  13. - შეგეძლოთ პრობლემებთან გამკლავება;
  14. - გახსოვდეთ, არაფერია გასაკვირი, რაც ადამიანურია;
  15. - ნებისმიერ მოსწავლეში ეძებეთ კარგი და არა ცუდი მხარე;
  16. - იყავით მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს კეთილი;
  17. - შეეცადეთ, ბავსვს აგრძნობინოთ სინანული მისი საქციელის გამო;
  18. - შეაფასეთ ბავშვის საქციელი და არა მისი პიროვნება;
  19. - იყავით მოსწავლეებისათვის პირადი მაგალითი;-შეგეძლოს თანაგრძნობა და თანაგანცდა.

კლასის ხელმძღვანელის მშობლებთან მუშაობის ფორმები

მშობლემთან მუშაობის სხვადასხვა ფორმები არსებობს. საჭიროების მიხედვით, შეგვიძლია გამოვიყენოთ საერთო, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა.
მაგ: შეიძლება ჩატარდეს ლექცია გარკვეულ თემაზე, კერძოდ:
1. "მშობლის გამოცდილების გაზიარება"
2. "ღია კარის დღე" - (მოვიწვიოთ ექიმი, განათლების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, - რომელსაც მშობლები დაუსვამენ თავიანთთვის საინტერესო შეკითხვებს) შეიძლება მოწვეულმა სტუმარმა, საერთოდ ლექცია ჩაატაროს რომელიმე თემაზე

3. მუშაობა მშობელთა საკლასო კომიტეტთან. აქ კლასის ხელმძღვანელი აკეთებს გეგმას, რა აკეთონ მშობლებმა და როგორ აკეთონ. გეგმა არ ექვემდებარება მკაცრ რეგლამენტს და მისი შეცვლა შეიძლება მშობლების მონაწილეობითაც....

როგორ გადავაქციოთ მშობელთა კრება მშობელთა შეკრებად?

სკოლის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მშობელთა დაახლოება და ერთ კოლექტივად შეკვრა საერთო მიზნებისათვის. ეს დამრიგებლისგან დიდ შრომას და ხელოვნებას მოითხოვს.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ მშობლებმა რჩევა ჰკითხონ ერთმანეთსაც და მასწავლებლებსაც. ეს მომენტი სჭირდება ორივე მხარეს. მასწავლებელს უჩნდება შესაძლებლობა  შეიტყოს, სინამდვილეში რისი მოსმენა უნდათ მისგან მშობლებს., რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი?.
როგორც წესი, მშობლები პირდაპირ საუბარს ერიდებიან. როგორ მოვახდინოთ მათი პროვოცირება, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა შეძლონ?..აი, აქ არის საინტერესო რას მოიფიქრებს დამრიგებელი?..
დამრიგებელი ერთგვარი რეჟისორი  უნდა იყოს ზოგჯერ, რომელიც გაითამაშებს რაღაც სოციოთამაშს. იგი ბუნებრივად გაააქტიურებს მშობლებს და უბიძგებს გულახდილობისა და ერთმანეთთან საუბრისაკენ...
მაგალითად, "კითხვათა ქუდი"

   თამაშის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მშობლები ერთმანეთისათვის თხზავენ კითხვა-ჩანაწერებს, ყრიან ყუთში, შემდეგ იღებენ იმას, ვისაც რომელი შეხვდება. დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისინი წყვილებში ან 3-3 თათბირობენ. (სასურველია 3-3 მშობელი, რადგან თუ წყვილი საერთო ენას ვერ გამონახავს, აუცელებელია მესამე).....

რჩევები ახალბედა დამრიგებლებს

ნებისმიერი გამოცდილება წლებთან ერთად მოდის, მაგრამ არსებობს არცთუ ცოტა მზა რეცეპტი, რომლის გამოყენებაც ახალბედა მასწავლებელს პროფესიული გზის დასაწყისში არ ავნებს. მოსწავლესთან წარმატებული კონტაქტის დასამყარებლად, მხოლოდ მრავალწლიანი სტაჟი არასაკმარისია, რადგან ყველა თაობა ერთმანეთისაგან განსხვავდება, სკოლა კი ის ტერიტორიაა, სადაც თაობები ყოველწლიურად იცვლებიან. ამიტომ, პერმანენტულად, მცირედ სირთულეებს, ის პედაგოგებიც აწყდებიან, ვისაც სკოლაში მუშაობის სამაგალითო გამოცდილება აქვთ.       

ახალგაზრდა კლასის დამრიგებელი - ახალბედა კლასის დამრიგებელი კლასთან შეხვედრამდე ზოგჯერ ისე ღელავს, რომ ღამეებსაც ათევს. ის ხომ არა მხოლოდ ბავშვებმა, მშობლებმაც უნდა შეაფასონ! სინამდვილეში, სანერვიულო არაფერია. პირველი შეხვედრა გაცილებით გამარტივდება, თუ მასწავლებელი შემდეგ რჩევებს გაითვალისიწინებს:

დაგეგმეთ (გეგმად გაწერეთ) შეხვედრა კლასთან და მშობლებთან. მოიფიქრეთ, რის მერე რაზე ისაბრებთ. გახშირებულ გულისცემას მაინც ვერ აცდებით, მაგრამ როდესაც მოსალოდნელი კითხვებისთვის პასუხები მზად გექნებათ, თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

აუცილებელი როდია ბავშვებს პირველივე დღეს უცინოთ და დაუტკბეთ. ეცადეთ, შეინარჩონოთ ერთგვარი დისტანცია, რათა მოსწავლემ და მშობელმა პირველივე დღიდან იგრძნოს - თქვენ მასწავლებელი ხართ.

ბავშვებს მეგობრულად და ღიად ესაუბრეთ. აჩვენეთ, რომ მათ მიმართ კეთილგანწყობილი ხართ. ნურც ზედმეტ სიმკაცრეს გამოიჩენთ, საქმე მცირეწლოვან ბავშვებთან გაქვთ. ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან და თუ მიახვედრებთ, მშვენივრადაც მიხვდებიან თქვენთან უერთიერთობის დროს დისტანცია როგორ დაიცვან.

პირველ შეხვედრებს ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. აუცილებელია თითოეული ბავშვის მიმართ ინტერესის გამოხატვა. რასაკვირველია, ისინი ბევრნი არიან, თქვენ კი - ერთი, მაგრამ ასეთია მასწავლებლის პროფესია და მისია.        

აწარმოეთ დღიური. ახალგაზრდა კლასის დამრიგებლისთვის ეს პროცესის გაკონტროლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. პირველ თვეებში თქვენს გონებას ბევრი ინფორმაციის მიღება მოუწევს, ყოველ მოსწავლეს განსხვავებული პრობლემები აღმოაჩნდება და სკოლის კედლებში მათზე ზრუნვა მოგიწევთ. განსაკუთრებით, პირველ დღეებში, შესაძლოა, ვერც გააცნობიეროთ რამდენად საპასუხისმგებლო სამსახური გაქვთ, კლასის დამრიგებელი ხომ დეტალურად უნდა იცნობდეს ყველა ბავშვის საჭიროებებს, მათ ფსიქოლოგიას, მოთხოვნებს, ქცევას, იცნობდეს და ეკონტაქტებოდეს მშობლებს და სხვ.   

როგორ დავიმსახუროთ კლასის ავტორიტეტი - მოსწავლეებმა არ უნდა დაინახონ, რომ თქვენი საქმის და მათ მიმართ გულგრილი ბრძანდებით. ამ შემთხვევაში ნდობის კრედიტი მომენტალურად ამოიწურება. თუ დრო არ გაქვთ, გადაუვადეთ შეხვედრა, რათა ბავშვმა წამითაც არ იფიქროს - მისი მდგომარეობა თქვენთვის სულერთია.
 
კლასში არ უნდა გყავდეთ ამოჩემებული ბავშვები, განსაკუთრებით ისინი, ვის მიმართაც სიყვარულს ხაზგასმით გამოხატავთ. ამ საკითხში გონივრული ნეიტრალიტეტის დაცვა მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ბავშვების აქტივობის სტიმულირება სხვების მაგალითზე მოახდინოთ, მაგრამ ისე, თითქოს ეს სხვათა შორის მოხდა. თითოეულმა ბვშვმა სხვისი წარმატება უნდა დაინახოს, რათა დაიჯეროს - ამის მიღწევა მასაც შეუძლია.     
თქვენი ერთ-ერთი ამოცანაა კოლექტივის გაერთიანება, განმტკიცება, მით უფრო მაშინ, როდესაც კლასი მცირე ჯგუფებად იყოფა. ამ საქმეში კოლექტიური გამარჯვების საყოველთაო განცდა დაგეხმარებათ. აქტიურად მიაღებინეთ თქვენს მოსწავლეებს მონაწილეობა სკოლის პროექტებში, შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში. თხოვეთ, რომ თვითონაც გამოიჩინონ შემოქმედებითი ინიციატივა.

ყურადღებით ადევნეთ თვალი ბავშვებს, მათ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. რიდის გარეშე მიულოცეთ დაბადების დღეები, სკოლის გარეთ მიღწეული წარმატებები. ბავშვებს ხიბლავთ და დიდხანს კარგად ახსენდებათ მასწავლებლის მიერ გამოჩენილი ყურადღება.        

თანამედროვე კლასის დამრიგებლის პორტრეტი - თანამედროვე კლასის დამრიგებელი დროში არ უნდა „გაიჭედოს", უწყვეტი თვითგანათლება-განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია მასწავლებელმა ბავშვების ასაკობრივ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული ლიტერატურა იკითხოს. ბავშვებს უნდა ჯეროდეთ, რომ მათი მასწავლებელი ინტელექტუალური და განათლებული ადამიანია. თანამედროვე ბავშვები დიდ დროს უთმობენ ინტერნეტს, ხელი მიუწვდებათ ზღვა ინფორმაციაზე, ამას კი შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. საუკეთესო შემთხვევაში, მოსწავლე მასწავლებელში თანამედროვე ადამინს უნდა ხედავდეს. ხშირად ისაუბრეთ აქტუალურ თემებზე. იყავით გულწრფელი, ტაქტიანი, დელიკატური, ღირსეულად შეაფასეთ თითოეული ბავშვის განუმეორებელი თვისებები.

ხშირად მოაწყეთ ფილმების ჩვენება, შემდეგ კი განიხილეთ ისინი.        

არასოდეს დაკარგოთ კავშირი მშობლებთან - სკოლა და ოჯახი ბავშვის განვითარებაში ერთი ჯაჭვის ორი რგოლია. ეცადეთ, სასკოლო აქტივობებში ირიბად მაინც ჩართოთ მშობლები. ეს რთულია, მაგრამ მოსწავლეებისთვის და თქვენთვის სასარგებლო.  

გიყვარდეთ ბავშვები. ამის გარეშე, ნებისმიერი თქვენი წამოწყება კრახს განიცდის.



ვისთან უნდა ითანამშრომლოს კლასის დამრიგებელმა?

კლასის დამრიგებელი გარდა მოსწავლეებისა და მშობლებისა უნდა თანამშრომლობდეს:
1. ფსიქოლოგებთან
2. იურისტებთან
3. საგნის მასწავლებლებთან
4. საზოგადოებასთან
5. სკოლის დირექციასთან
6. სამედიცინო დარგის მუშაკებთან
7. სკოლის ბიბლიოთეკასთან

8. სასწავლო, სპორტულ და შემოქმედებით ცენტრებთან...

კლასის ხელმძღვანელის მუშაობის გეგმა

კლასის დამრიგებელი,  ესგ-ს თანახმად,  ინიშნება სკოლის დირექციის მიერ მე-5 კლასიდან  (არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც).


სასურველია, რომ მომავალი კლასის ხელმძღვანელი წინასწარ გაეცნოს კლასის მოსწავლეებს.  კერძოდ,  ის უკვე მე-4 კლასში უნდა იწყებდეს სასწავლო მეცადინეობებზე დასწრებას.  აკვირდებოდეს და ეცნობოდეს მოსწავლეებს უშუალოდ, თვალყურის დევნებით და კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან საუბრით.

კლასთან წლის მანძილზე მუშაობისას კლასის დამრიგებელს ესაჭიროება სადამრიგებლო გეგმა  (იგივე კლასის გეგმა), რომელსაც ის ადგენს საერთო-სასკოლო გეგმის საფუძველზე. სასურველია,  გეგმა შედგეს ერთი თვით ადრე მაინც სასწავლო წლის დაწყებამდე.
გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა სახის ღონისძიებანი. კერძოდ, კლასის ხელმძღვანელის მიერ

  • მოსწავლის წარმატებასა და ყოფაქცევაზე ყოველდღიური დაკვირვების ორგანიზაციისათვის
  • მოსწავლეთა საოჯახო პირობების შესწავლისათვის
  • მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებათა შესწავლისათვის
  • ინფორმაციის მოსაპოვებლად მოსწავლეთა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში გაწევრიანების შესახებ
  • მოსწავლეთა მშობლებთან კავშირის დამყარებისა და მათთან ერთობლივ კავშირში  მოსწავლეებზე აღმზრდელობითი ზემოქმედების განხორციელებისათვის.  

ამ გეგმის საფუძველზე უკვე კლასის ხელმძღვანელი ჩვეულებრივ უნდა ადგენდეს ყოველი კვირის სამუშაო გეგმა
კვირის გეგმაში უნდა იქნას შეტანილი კონკრეტული, გულდასმით მოფიქრებული ღონისძიებანი მათი შესრულების ვადების ჩვენებით,
კვირის გეგმები იწერება ცალკე რვეულში, სადაც კლასის ხელმძღვანელი თავის შენიშვნებს აკეთებს ღონისძიებათა შესრულების შესახებ. 
ეს რვეული ინახება კლასის ხელმძღვანელთან.