Показаны сообщения с ярлыком დახასიათება. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком დახასიათება. Показать все сообщения

среда, 30 августа 2017 г.

მოსწავლის ინდივიდუალური დახასიათება

მოსწავლე რომ შევისწავლოთ და დავახასიათოთ, აუცილებელია მასზე დაკვირვება ვაწარმოოთ. ეს მომენტი მაშინ უნდა განვახორციელოთ, როცა კლასი პირველად გადმოგვეცემა სადამრიგებლოდ და ყველა მოსწავლე მეტ-ნეკლებად უცნობია დამრიგებლისთვის. დაკვირვებისათვის უნდა ავირჩიოთ ერთი ან ორი მოსწავლე სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, (ან გნებავთ მთელ კლასზე ვაწარმოოთ დაკვირვება ერთი რომელიმე კონკრეტული მონაცემის მიმართულებით). მაგ:

1. დემოგრაფიული (ასაკი, ოჯახი)
2. ფიზიკური განვითარება
3. ინტერესი (სპორტი, მუსიკა, გართობა)
4. აკად./მოსწრება
5. კომუნიკაბელობა ( ურთიერთობა კლასელებთან, თანატოლებთან, უფროსებთან)
6. ემოციური თავისებურებები (აგრესიულობა, დეპრესიულობა, ოპტიმიზმი, ხალისი და სხვ.)


დაკვირვება წარმოებს ჩუმად უხერხული მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი პროცესის ბუნებრივი მსვლელობისას, რადგან ბავშვს არ უნდა შეექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას საგანგებოდ აკვირდებიან.
დაკვირვების შედეგის მაქსიმალური სიზუტის განსაზღვრისათვის, სასურველია, მას თან ახლდეს ჩანაწერების, ჩახაზვის, ფოტოგრაფირების და სხვა პროცესები, რომლებიც ასახავს ფაქტებს. ასევე, სასურველია, გამოვიყენოთ ისეთი ხერხები და საშუალებები, როგორიცაა:
1. საუბრები
2. წერილობითი პასუხები დასმულ კითხვებზე
3. სამუშაო დოკუმენტაცია (სკოლისა და მასწავლებლის სამუშაო გეგმები, მოსწავლეთა ნაწერები, განმსაზღვრელი შეფასებები ჟურნალიდან, ან განმავითარებელი კომენტარები სხვადასხვა საგნების მასწავლებლებიდან, სხვადასხვა სახის სტატსისტიკური მასალა თითოეულ მოსწავლეზე და ა.შ.)

რაც მთავარია, დაკვირვებას თან უნდა ახლდეს კონკრეტული დასკვნების გამოტანა. ესეც უნდა დაფიქსირდეს ჩანაწერის სახით. დასკვნები დამრიგებელს გამოადგება ყოველთვის მოსწავლის დახასიათების ან წლის ბოლოს სიტყვიერი კომენტარებისთვის.


========================

თუ მოსწავლეს აკვირდება არა დამრიგებელი, არამედ რომელიმე საგნის მასწავლებელი, მაშინ,

მასწავლებელი სპეციალურად უნდა დაუკვირდეს მოსწავლის უნარს – ყურადღებით არის თუ არა გაკვეთილზე? კერძოდ,
1. ყურადღების რომელი მხარე სჭარბობს მასში გაკვეთილზე (თავისუფალი; არათავისუფალი);
2. შეუძლია თუ არა თავისი ყურადღების განაწილება ადვილად ერთი სამუშაოდან მეორეზე?
3. შეუძლია თუ არა მოსწავლეს, მრავალი აქტივობიდან კონცენტრირება მოახდინოს ერთ კონკრეტულ შედარებით მთავარ საკითხზე?


რჩევები მასწავლებელს:
იმისათვის, რომ საგნის მასწავლებელმა იმუშაოს მოსწავლის ყურადღების განვითარებაზე, აუცილებელია იმუშაოს საკუთარ თავზე, კერძოდ, მან უნდა იცოდეს
1. რა ხერხები გამოიყენოს მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობისა და განვითარებისათვის?
2. მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობის რა ხერხები არსებობს გაკვეთილზე (გამოკითხვის, ახსნის დროს)?
3. რამდენად არის დამოკიდებული მოსწავლეთა ყურადღება მასწავლებლის მუშაობის სხვადასხვა სახეობაზე, კერძოდ:
ა) სასწავლო მასალის მიწოდების ხასიათზე (ლოგიკურობაზე, ემოციურობაზე);
ბ) კითხვებზე, როგორც კლასის აქტიურობის საშუალებაზე;
გ) თეორიული მასალის პრაქტიკული საშუალებების გამოყენების მოცულობაზე და ა.შ.

მოსწავლის პედაგოგიური დახასიათება კლასის ხელმძღვანელის მიერ

ბავშვის რომელი თვისება უნდა დაედოს საფუძვლად მის პედაგოგიურ დახასიათებას? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი. ამისთვის აუცილებელია, ბავშვზე ყოველდღიურად ვაწარმოოთ დაკვირვება. უპირველეს ყოვლისა უნდა აღმოვაჩინოთ მისი ფსიქოლოგიური თვისებები. დახასიათებაში მოცემული უნდა იყოს მოსწავლის არსებითი ინდივიდუალური თვისებები და შემდგომი მუშაობის პერსპექტივები.
მოსწავლის ხასიათისა და ფიზიკურ-გონებრივი განვითარების შესწავლა ხდება დაკვირვების გზით სკოლაში და სკოლის გარეთ. კლასის ხელმძღვანელს არ უნდა გამორჩეს ბავშვის ცხოვრების არცერთი მომენტი. იგი სისტემატიურად უნდა აწარმოებდეს ყველა ძირითადი დამახასიათებელი თვისებისა და საქციელის აღნუსხვას, როგორც თავის მეხსიერებაში, ასევე წერილობით. პირადი დაკვირვებით და საგნის მასწავლებელთა დაკვირვებით გამოავლინოს მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებანი და ამის მიხედვით აწარმოოს მასზე ზემოქმედება.
კლასის ხელმძღვანელს წლის ბოლოს ხელთ უნდა ჰქონდეს მოსწავლის დასახასიათებლად შემდეგი სახის მასალები:
1. ბავშვის საერთო განვითარება.
2. ინტერესი.
3. მიდრეკილება.
4. სწავლისა და შრომისადმი დამოკიდებულება.
5. მისი საზოგადოებრივი სახე.
6. ტემპერამენტი.
7. მორალურ-ნებელობითი თვისებები.
8. შემოქმედებითი უნარი და სხვ.
  ამავე დროს, საჭიროა, პედაგოგი იძლეოდეს მოსწავლის ამა თუ იმ უარყოფითი თვისების გამოსწორების გზებს, რაც მომავალში მას ან მის შემცვლელ მასწავლებელს გაუადვილებს მუშაობას, მოსწავლის სრულყოფილად აღზრდას.
  როცა კლ./ხელმძრვანელი იწყებს მოსწავლის დახასიათებას, მან უნდა გამოიყენოს არა მარტო მის მეხსიერებაში არსებული დასკვნები, არამედ გადაათვალიეროს თავისი ჩანაწერები, მოსწავლის რვეულები, სასკოლო ჟურნალი, ზემოქმედების ღონისძიებანი, მოუსმინოს საგნის მასწავლებლებს. ამის შემდეგ ჯერ გააკეთოს შავად მონახაზი, მერე გადაათეთროს და ისე შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში.
  დახასიათება უნდა იყოს დახვეწილი, აზრიანი, ამომწურავი, ლაკონური, მაგრამ ლაკონურობამ არ უნდა დაჩრდილოს და განდევნოს დახასიათებიდან ფაქტობრივი მასალა.
  მოსწვლის დახასიათების შესადგენად, შესაძლოა, გამოვიყენოთ შემდეგი საორიენტაციო საკითხები:
1. მოსწავლის ყოფაქცევა კლასში, დასვენების დროს და სკოლის გარეთ.
2. ინტერესი და ყურადღება გაკვეთილზე.
3. გულწრფელობა და სიმართლე.
4. სწავლისა და შრომისადმი დამოკიდებულება. (შრომისუნარიანობა, სიბეჯითე)
5. მიდრეკილება.
6. წიგნიერება და საერთო განვითარება.
7. აკურატულობა, დაჯერება, აღმსრულებლობა.
8. ურთიერთობა ამხანაგებთან, მოსწავლეთა კოლექტივთან.
9. შემოქმედებითი უნარი.
10 სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა.

11. შემჩნეული უარყოფითი მხარეების გამოსწორების მეთოდები და ხერხები.....