четверг, 28 июля 2016 г.

როგორ ვაკონტროლოთ მოსწავლეთა გაცდენები სკოლაში?

გაცდენები უდიდესი თავსატეხია მოსწავლისა და არა მარტო მოსწავლის ცხოვრებაში.  ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია უკანასკნელ წლებში, მაგრამ მაინც არსებობენ სკოლებში განსაკუთრებულად "დაუმორჩილებელი" მოსწავლეები და ასევე, ზოგჯერ  "დაუმორჩილებელი" მშობლებიც, რომლებიც გვიჩენენ მუდმივად თავსატეხს. გაცდენების აღრიცხვას, როგორც წესი, თვალს ადევნებს და აკონტროლებს საგნის მასწავლებელი და   ასევე,  კლასის დამრიგებელი.  განსაკუთრებით,  კლასის დამრიგებელია ამ მხრივ პასუხისმგებელი.  თუ დამრიგებელს გაეპარა კონტროლის სადავეები,  შესაძლოა  მოსწავლე 30%-ანი გაცდენებით  აღმოჩნდეს  რომელიმე საგნის  ექსტერნატთა სიაში.  ეს რასაკვირველია,  არასასიამოვნო ფაქტია, როგორც  მოსწავლის, ასევე,  მისი მშობლის და  საგნის მასწავლებლისათვის.  რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პრეტენზიები და საყვედურები დამრიგებლის მიმართ - რატომ დროულად არ აცნობა მშობელს ასეთი საგანგაშო მდგომარეობა? რატომ არ გააფრთხილა თავად მოსწავლე ან საგნის მასწავლებელი?  შეიძლება თან ახლდეს უსისმოვნო ინციდენტებიც - მაგ: მშობლის მხრიდან არაადეკვატური მოქმედება (თუ საქმე გვაქვს განსაკუთრებით ემოციურ მშობელთან), დირექციის მხრიდან  საყვედური დამრიგებლის მოვალეობის არასათანადოდ შესრულებისათვის და ა.შ.

სირთულეები, განსაკუთრებით,  თავს იჩენს, თუ მოსწავლეს უამრავი გაცდენა აქვს სასწავლო წლის პირველივე  სემესტრიდან. როგორ ვაკონტროლოთ ეს პრობლემა პიროვნულად, როგორც დამრიგებელმა?  რა ღონისძიებებს მივმართოთ განსაკუთრებით დაუმორჩილებელი მოსწავლეების მიმართ  და როგორ ავიცილოთ  თავიდან მარტივად და ადვილად მომავალი პრობლემები, რომელიც გველოდება სასწავლო წლის დასასრულს?

1. სავალდებულოა,  სასწავლო წლის დასაწყისში, პირველივე მშობელთა კრებაზე ავუხსნათ მშობლებს - რას იწვევს გაცდენები, რა პრობლემების წინაშე გვაყენებს ყველას ერთად? ავუხსნათ, რას ნიშნავს 30%-ანი გაცდენა? საიდან მოდის ეს 30%? რა ელის მოსწავლეს, თუ მან გააცდინა საგნის სასწავლო საათების 30%? როგორ უნდა დახუროს ამ შემთხვევაში მოსწავლემ სასწავლო წელი?  რა პრობლემა შეიძლება წარმოექმნას მას  ექსტერნატის ფორმით საგნის ჩაბარებისას?  და ა.შ. (რასაკვირველია, ფორმდება მშობელთა კრების ოქმი.  ყველა დამსწრე მშობელი ხელს აწერს ოქმს.  მშობელს უფლება აღარ აქვს პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. თქვენს ხელთ არსებობს დოკუმენტი,  ფაქტი, რომელიც თქვენი თავდაცვის იარაღია)

2. იგივე სახის საგანმანათლებლო საუბარი უნდა ჩავუტაროთ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს პირველივე კლასის საათზე.   (ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, ფორმდება ოფიციალურად კლასის საათის დღიური და ამჯერად, ყველა დამსწრე მოსწავლე  ხელს აწერს დღიურს. ამ შემთხვევაში მოსწავლეს არ ექნება ტყუილის თქმის საშუალება, რომ მან თითქოს არ იცოდა გაცდენების და მისით გამოწვეული პრობლემების შესახებ. ამჯერადაც,  თქვენს ხელთ არსებობს თქვენი თავდაცვის იარაღი)

და ეს პროცესი უნდა ვიმეოროთ და ვიმეოროთ ყოველ წელიწადს.

აქვე მოგვიწევს - გავაფრთხილოთ მშობლებიც და მოსწავლეებიც, რომ სხვადასხვა საგანში  საგნის 30%  სხვადასხვა საათების რაოდენობას მოიცავს და  ეს დამოკიდებულია კვირის განმავლობაში სასწავლო საგნის საატების რაოდენობაზე. როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, სასურველია, თან ვიქონიოთ ცხრილი, თუ გაცდენების რა რაოდენობას შადგენს თითოეულ საგანში  გაცდენილი საათების  30%.

2. გვყავს თუ არა გვყავს ხშირად გამცდენი მოსწავლეები კლასში, სასურველია,  კონტროლის მიზნით  დაახლოებით  თვენახევარში ერთხელ დამრიგებელმა დაითვალოს "არების" რაოდენობა ჟურნალში და დააჯამოს.  მაგ: გარდა სემესტრული ანგარიშებისა,  ეს შეიძლება მოხდეს ოქტომბრის შუა რიცხვებში, ნოემბრის  ბოლოს. მეორე სემესტრში იგივე განმეორდეს მარტის შუა რიცხვებში, აპრილის ბოლოს. ეს მოქმედება იძლევა კლასში  მოსწავლეთა გაცდენების საერთო სურათს და  აჩვენებს  რამდენიმე განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი მოსწავლის  სახელს, რომელთა გაცდენები უკვე ზედმეტად უნდა აკონტროლოს კლასის დამრიგებელმა.
აქ  მან  უკვე  საქმის კურსში უნდა ჩართოს მშობელი და სკოლის დირექცია.
ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
1. მოსწავლის, მისი მშობლის და დირექციის საქმის კურსში ჩაყენება,  სიტყვიერი გაფრთხილება  ტელეფონით ან უშუალო გასაუბრებით, როგორც შეეფერება სიტუაციას. (თუ ამ გაფრთხილებას არ მოჰყვა შედეგი, მაშინ...)

2. მშობლის გამოცხადება სკოლაში, გაფრთხილება და  მოხსენებითი ბარათის გაფორმება, რომელსაც თან ერთვის  დამრიგებლისა და მშობლის ხელმოწერები და დათარიღება  (თუ ამ გაფრთხილებასაც არ მოჰყვა შედეგი...)

3. სკოლიდან ოფიციალური შეტყობინების გაგზავნა დირექციის ბეჭდით დადასტურებული.  ტექსტის მოფიქრება დამრიგებელზეა დამოკიდებული. ის შეთანხმებული  უნდა იყოს დირექციასთან,  რადგან მისი ბეჭდით იგზავნება. შეტყობინება  უნდა იყოს აკადემიური ხარისხის და შესაფერისი ტერმინოლოგიით შედგენილი,  რადგან ეს ეხება სკოლის პრესტიჟს, ხაზს უსვამს პედაგოგის ავტორიტეტს და  განათლებულობას. მასში უნდა იყოს აღწერილი მოსწავლის პრობლემა და ამ პრობლემის გამოსწორების გზები. ასევე, სურვილი და მოწოდება, რომ მშობელმა გააკონტროლოს შვილი პრობლემის დროული  თავიდან აცილების მიზნით. შეტყობინებას  თან უნდა ერთვოდეს  გრაფა - "გავეცანი",  რომლის გასწვრივ   მშობელმა უნდა მოაწეროს ხელი.  ასევე, თან ერთვის დამრიგებლის ხელმოწერაც. შეტყობინება საჭირო ვადამდე ინახება დამრიგებლის მატერიალურ პორტფოლიოში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი ღონისძიებები  არის დამრიგებლის საუკეთესო თავდაცვის იარაღი.  ეს მას   თავიდან ააცილებს მშობელთან და დირექციასთან  უხერხულ სიტუაციაში, თავის მართლების პოზიციაში ყოფნას. დამრიგებელს  ვერავინ დაადანაშაულებს დაუდევრობასა და უყურადღბობაში,  ასევე,  სამსახურებრივი  მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაში.  ვერავინ გაბედავს მის  მიმართ არაადეკვატურ  მოპყრობასა  და საყვედურს.

ვიცი, ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი, რთული და შრომატევადია, მაგრამ მერწმუნეთ - არაჩვეულებრივი შედეგი მოაქვს.