вторник, 2 августа 2016 г.

ციკლოგრამა

რა არის ციკლოგრამა?
ეს არის პერიოდული სიხშირით შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი,  რომელიც ციკლურად  მეორდება გარკვეული დროის პერიოდში.
რა შეიძლება იყოს ასეთი ციკლური სამუშაო დამრიგებლისთვის?
მოცემულ სქემაზე ჩანს თუ რა ევალება  დამრიგებელს და რა სიხშირით უნდა აკეთოს  მან ის?
ციკლოგრამა

პერიოდული სიხშირე

შემოწმება
შენიშვნა
ყოველ დღე
დასწრება
მოსწავლის იერ-სახე
მორიგეობა კლასში
კლასის ჟურნალი

ყოველ კვირას
დღიურები
კლასის საათი
აკადემიური მოსწრება
ინდივიდუალური საუბრები

ყოველ თვე
გაცდენების აღრიცხვა
მიმდინარე მოსწრება
ინდივიდუალური საუბრები მშობლებთან

ყოველ სემესტრში
მოსწრების შედეგი
კლასის ჟურნალი
აღრიცხვა სასწავლო წლის განაკვეთში
მშობელთა კრება
ღონისძიება

ყოველ წელს
წლის დასაწყისში მოსწავლეთა სიის დაზუსტება
ჟურნალის გაკეთება
სადამრიგებლო სამუშაო გეგმის შედგენა
წლის ბოლოს ჟურნალის დახურვა და ანგარიშების წარდგენა


აღნიშნული სქემიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რა უნდა წარვუდგინოთ ხელმძღვანელობას ანგარიშის სახით  სემესტრის ან წლის ბოლოს...
ესენია:
  1. წლიური ანგარიში
  2. გაცდენების აღრიცხვა სასწავლო წლის განაკვეთში (2 სემესტრული, 2 მიმდინარე, 1 წლიური)
  3. საკლასო ჟურნალი
  4. მოსწავლეთა პირადი საქმეები
  5. მოსწავლეთა დახასიათება (ეს დაწყებით კლასებში ხდება)

понедельник, 1 августа 2016 г.

რისგან შედგება დამრიგებლის პორტფოლიო?

პორტფოლიო შემდეგ დოკუმენტებს შეიცავს:
1.    თავფურცელი (რას წარმოადგენს პორტფოლიო, ვის (რომელ კლასს ეკუთვნის), ვინ არის დამრიგებელი, თარიღი (რა პერიოდს  ეკუთვნის ანუ სასწავლო წელი)
2.    დამრიგებლის უფლება-მოვალეობებს
3.    მოსწავლის და მასწავლებლის ეთიკის  კოდექსებს (პრობლემების წარმოქმნის საჭიროებებისათვის)
4.    ციკლოგრამა.  (რა და რა რაოდენობით უნდა შეამოწმოს დამრიგებელმა ცილურად: მაგ: ყოველდღე. კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ და ა.შ)
5.    მოსწავლეთა პირადი  მონაცემები

·         მოსწავლის  პირადი და საკონტაქტო მონაცემები;
·         ინფორმაცია მოსწავლეთა ჩართულობაზე სკოლაში და სკოლის გარეთ წრეებსა და სექციებში და მათი წარმატებები
·         მოსწავლეთა მოკლე დახასიათებები მშობლებისაგან (ფიზიკური, მორალური, ესთეტიკური განვითარების, ჯანმრთელობის მდგომარეობის სესახებ. მათი უნარები და ა.შ. (შეიძლება ანკეტირების გაკეთება, ასევე, ინდ./გამოკითხვაც))
·         მშობელთა (ოჯახის სხვა წევრთა)  პირადი და საკონტაქტო მონაცემები

·         მშობელთა სამსახურებრივი მონაცემები (რა პროფესიის არიან, ამჟამად რას საქმიანობენ, რით შეუძლიათ საჭირო შემთხვევაში კლასის საერთო საქმეში დახმარება - სიტყვით საქმით, მატერიალურად, ფიზიკურად და ა.შ.)
·         მოსწავლის სოციალური და ოჯახური პირობები, უნდა ეწვიოთ ბინაზე ერთხელ მაინც, რომ გაარკვიოთ მოსწავლეს რა პირობებში უხდება ცხოვრება და არსებობა.

6.    სადამრიგებლო გეგმა
მიმართულებები:
  •  პიროვნული და მორალური განვითარება
  •   გარემოსდაცვითი კულტურა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
  • უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
  • ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება

რამდენიმე სასაუბრო თემა
"რაში ვლინდება კლასის ღირსება?"
"მე და ჩემი ქალაქი".
"ზრდილობა ადამიანის საუკეთესო სამკაულია."
"უპირველესი სათნოება მამულისათვის თავდადებაა".

7.    ერთი მაინც ჩატარებული კლასის საათის ანალიზი

თარიღი
თემა
მიზანი
დამსწრეთა რაოდენობა
აქტივობები
შედეგები
რეფლექსია










8.    გაცდენების აღრიცხვის ფურცელი (სულ7 ცალი)
3 ცალი  I სემესტრიში (ოქტომბერი, ნოემბერი, სემსტრის ბოლოს)
3 ცალი მე-II სემსტრში (მარტის ბოლოს, მაისის შუა რიცხვებში და სემსტრის ბოლოს)
და ერთი წლის ბოლოს
აუცილებლად უნდა იყოს აქვე, მოსწავლეთა ცნობები, მშობელთა განცხადებები და გაცდენებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

ეს ყველაფერი არის მიმდინარე გაცდენების კონტროლის მექანიზმი და ასევე, რიგ შემთხვევებში (როდესაც საქმე გვაქვს არაადექვატურ მშობელთან ან მოსწავლესთან) დამრიგებლის ცოცხალი ფაქტი, ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვითი  იარაღი.

9.    აკადემიური მოსწრება

      3 ცალი  I სემესტრიში (ოქტომბერი, ნოემბერი, სემსტრის ბოლოს)
      3 ცალი მე-II სემსტრში (მარტის ბოლოს, მაისის შუა რიცხვებში და სემსტრის ბოლოს)
      და ერთი წლის ბოლოს
  შესაძლებელია ინდ./შეფასებები საჭიროების შემთხვევაში)

ეს ყველაფერი არის მიმდინარე აკადემიური მოსწრების  კონტროლის მექანიზმი და ასევე, რიგ შემთხვევებში (როდესაც საქმე გვაქვს არაადექვატურ მშობელთან ან მოსწავლესთან) დამრიგებლის (გნებავთ საგნის მასწავლებლისაც)  ცოცხალი ფაქტი, ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვითი  იარაღი.

10. მშობლებთან და მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.
მოხსენებითი ბარათები
ოფიციალური შეტყობინებები

11. მშობელთა კრებების განრიგი და თემატიკა წლის მანძილზე
მოსაწვევის ნიმუში
კრების შესახებ გაფრთხილებულ მოსწავლეთა სია ხელმოწერებით
კრებაზე დამსწრე მშობელთა სია ხელმოწერებით
ჩატარებული კრების ოქმები
განხილულ საკითხთა მატერიალური ან ელექტრონული რესურსები

12. კლასის სხვადასხვა ღონისძიებების ამსახველი მასალა
სიტყვიერი ანგარიშები
ფოტომასალები
ვიდეომასალები


13. სასწავლო წლის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე კლასისფიცირებული მონაცემები
      ვინ გადავიდა
      ვინ გადმოვიდა
      ვის ჰყვება 30%-ექსტერნის გამოცდა
      ოფიციალური შეტყობინებები მშობელთა ხელმოწერებით და ა.შ.

14. სემესტრული და წლიური ანგარიშები
სიტყვიერი
ელექტრონული


15. შეიძლება ჩავალაგოთ წლის ბოლოს კლასის რეიტინგი (ე.წ. სტატისტიკური მონაცემები.  ეს წარმოგვიდგენს კლასის საერთო სურათს და საშუალებას მოგვცემს მომავალში გავითვალისწინოთ ჩვენი მუშაობის დაგეგმვისას). მაგ:
 ხშირად გამცდენი მოსწავლეების პირველი სამეული
წარმატებული მოსწავლეების პირველი სამეული
სუსტი მოსწავლეების პირველი სამეული
კლასში მაღალრეიტინგული საგნების სამეული
კლასში დაბალრეიტინგული საგნების სამეული
კლასში პედაგოგთა რეიტინგები
კლასში საგნობრივი რეიტინგები და ა.შ.

16. აქ შეიძლება კლასში მოტივაციის ასამაღლებლად, გაცდენების შესამცირებლად და ა.შ.  კლასთან  ერთობლივად (ან დამრიგებლის ინიციატივით) შემუშავებული  სხვადასხვა  ჯილდოები  და მათი ნიმუშების შესანახი ადგილიც გამოვძებნოთ პორტფოლიოში.

რასაკვირველია, ეს არ არის ოქროს წესი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ის, ჩაამატოთ დამატებით თქვენთვის საჭირო გარკვეული სახის მასალა, ასევე, ამოაკლოთ რაც გნებავთ.
ერთი სიტყვით, ეს არის სრული შემოქმედებითი პროცესი, თქვენზეა დამოკიდებული როგორი სახე ექნება მას. შეგიძლიათ, საჩუქარიც კი გაუკეთოთ წლის ბოლოს საკუთარ თავს საინტერესო, ლამაზი და მიმზიდველი პორტფოლიოს შექმნისათვის.  და რაც მთავარია, აუცილებლად აჩვენეთ ის საკუთარ ხელმძღვანელობას და კოლეგებს. მიიღეთ მათგან რჩევები, რასაც აუცილებლად გაითვალისწინებთ მომავალში.

четверг, 28 июля 2016 г.

როგორ ვაკონტროლოთ მოსწავლეთა გაცდენები სკოლაში?

გაცდენები უდიდესი თავსატეხია მოსწავლისა და არა მარტო მოსწავლის ცხოვრებაში.  ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია უკანასკნელ წლებში, მაგრამ მაინც არსებობენ სკოლებში განსაკუთრებულად "დაუმორჩილებელი" მოსწავლეები და ასევე, ზოგჯერ  "დაუმორჩილებელი" მშობლებიც, რომლებიც გვიჩენენ მუდმივად თავსატეხს. გაცდენების აღრიცხვას, როგორც წესი, თვალს ადევნებს და აკონტროლებს საგნის მასწავლებელი და   ასევე,  კლასის დამრიგებელი.  განსაკუთრებით,  კლასის დამრიგებელია ამ მხრივ პასუხისმგებელი.  თუ დამრიგებელს გაეპარა კონტროლის სადავეები,  შესაძლოა  მოსწავლე 30%-ანი გაცდენებით  აღმოჩნდეს  რომელიმე საგნის  ექსტერნატთა სიაში.  ეს რასაკვირველია,  არასასიამოვნო ფაქტია, როგორც  მოსწავლის, ასევე,  მისი მშობლის და  საგნის მასწავლებლისათვის.  რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პრეტენზიები და საყვედურები დამრიგებლის მიმართ - რატომ დროულად არ აცნობა მშობელს ასეთი საგანგაშო მდგომარეობა? რატომ არ გააფრთხილა თავად მოსწავლე ან საგნის მასწავლებელი?  შეიძლება თან ახლდეს უსისმოვნო ინციდენტებიც - მაგ: მშობლის მხრიდან არაადეკვატური მოქმედება (თუ საქმე გვაქვს განსაკუთრებით ემოციურ მშობელთან), დირექციის მხრიდან  საყვედური დამრიგებლის მოვალეობის არასათანადოდ შესრულებისათვის და ა.შ.

სირთულეები, განსაკუთრებით,  თავს იჩენს, თუ მოსწავლეს უამრავი გაცდენა აქვს სასწავლო წლის პირველივე  სემესტრიდან. როგორ ვაკონტროლოთ ეს პრობლემა პიროვნულად, როგორც დამრიგებელმა?  რა ღონისძიებებს მივმართოთ განსაკუთრებით დაუმორჩილებელი მოსწავლეების მიმართ  და როგორ ავიცილოთ  თავიდან მარტივად და ადვილად მომავალი პრობლემები, რომელიც გველოდება სასწავლო წლის დასასრულს?

1. სავალდებულოა,  სასწავლო წლის დასაწყისში, პირველივე მშობელთა კრებაზე ავუხსნათ მშობლებს - რას იწვევს გაცდენები, რა პრობლემების წინაშე გვაყენებს ყველას ერთად? ავუხსნათ, რას ნიშნავს 30%-ანი გაცდენა? საიდან მოდის ეს 30%? რა ელის მოსწავლეს, თუ მან გააცდინა საგნის სასწავლო საათების 30%? როგორ უნდა დახუროს ამ შემთხვევაში მოსწავლემ სასწავლო წელი?  რა პრობლემა შეიძლება წარმოექმნას მას  ექსტერნატის ფორმით საგნის ჩაბარებისას?  და ა.შ. (რასაკვირველია, ფორმდება მშობელთა კრების ოქმი.  ყველა დამსწრე მშობელი ხელს აწერს ოქმს.  მშობელს უფლება აღარ აქვს პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. თქვენს ხელთ არსებობს დოკუმენტი,  ფაქტი, რომელიც თქვენი თავდაცვის იარაღია)

2. იგივე სახის საგანმანათლებლო საუბარი უნდა ჩავუტაროთ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს პირველივე კლასის საათზე.   (ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, ფორმდება ოფიციალურად კლასის საათის დღიური და ამჯერად, ყველა დამსწრე მოსწავლე  ხელს აწერს დღიურს. ამ შემთხვევაში მოსწავლეს არ ექნება ტყუილის თქმის საშუალება, რომ მან თითქოს არ იცოდა გაცდენების და მისით გამოწვეული პრობლემების შესახებ. ამჯერადაც,  თქვენს ხელთ არსებობს თქვენი თავდაცვის იარაღი)

და ეს პროცესი უნდა ვიმეოროთ და ვიმეოროთ ყოველ წელიწადს.

აქვე მოგვიწევს - გავაფრთხილოთ მშობლებიც და მოსწავლეებიც, რომ სხვადასხვა საგანში  საგნის 30%  სხვადასხვა საათების რაოდენობას მოიცავს და  ეს დამოკიდებულია კვირის განმავლობაში სასწავლო საგნის საატების რაოდენობაზე. როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, სასურველია, თან ვიქონიოთ ცხრილი, თუ გაცდენების რა რაოდენობას შადგენს თითოეულ საგანში  გაცდენილი საათების  30%.

2. გვყავს თუ არა გვყავს ხშირად გამცდენი მოსწავლეები კლასში, სასურველია,  კონტროლის მიზნით  დაახლოებით  თვენახევარში ერთხელ დამრიგებელმა დაითვალოს "არების" რაოდენობა ჟურნალში და დააჯამოს.  მაგ: გარდა სემესტრული ანგარიშებისა,  ეს შეიძლება მოხდეს ოქტომბრის შუა რიცხვებში, ნოემბრის  ბოლოს. მეორე სემესტრში იგივე განმეორდეს მარტის შუა რიცხვებში, აპრილის ბოლოს. ეს მოქმედება იძლევა კლასში  მოსწავლეთა გაცდენების საერთო სურათს და  აჩვენებს  რამდენიმე განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი მოსწავლის  სახელს, რომელთა გაცდენები უკვე ზედმეტად უნდა აკონტროლოს კლასის დამრიგებელმა.
აქ  მან  უკვე  საქმის კურსში უნდა ჩართოს მშობელი და სკოლის დირექცია.
ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
1. მოსწავლის, მისი მშობლის და დირექციის საქმის კურსში ჩაყენება,  სიტყვიერი გაფრთხილება  ტელეფონით ან უშუალო გასაუბრებით, როგორც შეეფერება სიტუაციას. (თუ ამ გაფრთხილებას არ მოჰყვა შედეგი, მაშინ...)

2. მშობლის გამოცხადება სკოლაში, გაფრთხილება და  მოხსენებითი ბარათის გაფორმება, რომელსაც თან ერთვის  დამრიგებლისა და მშობლის ხელმოწერები და დათარიღება  (თუ ამ გაფრთხილებასაც არ მოჰყვა შედეგი...)

3. სკოლიდან ოფიციალური შეტყობინების გაგზავნა დირექციის ბეჭდით დადასტურებული.  ტექსტის მოფიქრება დამრიგებელზეა დამოკიდებული. ის შეთანხმებული  უნდა იყოს დირექციასთან,  რადგან მისი ბეჭდით იგზავნება. შეტყობინება  უნდა იყოს აკადემიური ხარისხის და შესაფერისი ტერმინოლოგიით შედგენილი,  რადგან ეს ეხება სკოლის პრესტიჟს, ხაზს უსვამს პედაგოგის ავტორიტეტს და  განათლებულობას. მასში უნდა იყოს აღწერილი მოსწავლის პრობლემა და ამ პრობლემის გამოსწორების გზები. ასევე, სურვილი და მოწოდება, რომ მშობელმა გააკონტროლოს შვილი პრობლემის დროული  თავიდან აცილების მიზნით. შეტყობინებას  თან უნდა ერთვოდეს  გრაფა - "გავეცანი",  რომლის გასწვრივ   მშობელმა უნდა მოაწეროს ხელი.  ასევე, თან ერთვის დამრიგებლის ხელმოწერაც. შეტყობინება საჭირო ვადამდე ინახება დამრიგებლის მატერიალურ პორტფოლიოში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი ღონისძიებები  არის დამრიგებლის საუკეთესო თავდაცვის იარაღი.  ეს მას   თავიდან ააცილებს მშობელთან და დირექციასთან  უხერხულ სიტუაციაში, თავის მართლების პოზიციაში ყოფნას. დამრიგებელს  ვერავინ დაადანაშაულებს დაუდევრობასა და უყურადღბობაში,  ასევე,  სამსახურებრივი  მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაში.  ვერავინ გაბედავს მის  მიმართ არაადეკვატურ  მოპყრობასა  და საყვედურს.

ვიცი, ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი, რთული და შრომატევადია, მაგრამ მერწმუნეთ - არაჩვეულებრივი შედეგი მოაქვს.