среда, 30 августа 2017 г.

რჩევები ახალბედა დამრიგებლებს

ნებისმიერი გამოცდილება წლებთან ერთად მოდის, მაგრამ არსებობს არცთუ ცოტა მზა რეცეპტი, რომლის გამოყენებაც ახალბედა მასწავლებელს პროფესიული გზის დასაწყისში არ ავნებს. მოსწავლესთან წარმატებული კონტაქტის დასამყარებლად, მხოლოდ მრავალწლიანი სტაჟი არასაკმარისია, რადგან ყველა თაობა ერთმანეთისაგან განსხვავდება, სკოლა კი ის ტერიტორიაა, სადაც თაობები ყოველწლიურად იცვლებიან. ამიტომ, პერმანენტულად, მცირედ სირთულეებს, ის პედაგოგებიც აწყდებიან, ვისაც სკოლაში მუშაობის სამაგალითო გამოცდილება აქვთ.       

ახალგაზრდა კლასის დამრიგებელი - ახალბედა კლასის დამრიგებელი კლასთან შეხვედრამდე ზოგჯერ ისე ღელავს, რომ ღამეებსაც ათევს. ის ხომ არა მხოლოდ ბავშვებმა, მშობლებმაც უნდა შეაფასონ! სინამდვილეში, სანერვიულო არაფერია. პირველი შეხვედრა გაცილებით გამარტივდება, თუ მასწავლებელი შემდეგ რჩევებს გაითვალისიწინებს:

დაგეგმეთ (გეგმად გაწერეთ) შეხვედრა კლასთან და მშობლებთან. მოიფიქრეთ, რის მერე რაზე ისაბრებთ. გახშირებულ გულისცემას მაინც ვერ აცდებით, მაგრამ როდესაც მოსალოდნელი კითხვებისთვის პასუხები მზად გექნებათ, თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

აუცილებელი როდია ბავშვებს პირველივე დღეს უცინოთ და დაუტკბეთ. ეცადეთ, შეინარჩონოთ ერთგვარი დისტანცია, რათა მოსწავლემ და მშობელმა პირველივე დღიდან იგრძნოს - თქვენ მასწავლებელი ხართ.

ბავშვებს მეგობრულად და ღიად ესაუბრეთ. აჩვენეთ, რომ მათ მიმართ კეთილგანწყობილი ხართ. ნურც ზედმეტ სიმკაცრეს გამოიჩენთ, საქმე მცირეწლოვან ბავშვებთან გაქვთ. ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან და თუ მიახვედრებთ, მშვენივრადაც მიხვდებიან თქვენთან უერთიერთობის დროს დისტანცია როგორ დაიცვან.

პირველ შეხვედრებს ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. აუცილებელია თითოეული ბავშვის მიმართ ინტერესის გამოხატვა. რასაკვირველია, ისინი ბევრნი არიან, თქვენ კი - ერთი, მაგრამ ასეთია მასწავლებლის პროფესია და მისია.        

აწარმოეთ დღიური. ახალგაზრდა კლასის დამრიგებლისთვის ეს პროცესის გაკონტროლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. პირველ თვეებში თქვენს გონებას ბევრი ინფორმაციის მიღება მოუწევს, ყოველ მოსწავლეს განსხვავებული პრობლემები აღმოაჩნდება და სკოლის კედლებში მათზე ზრუნვა მოგიწევთ. განსაკუთრებით, პირველ დღეებში, შესაძლოა, ვერც გააცნობიეროთ რამდენად საპასუხისმგებლო სამსახური გაქვთ, კლასის დამრიგებელი ხომ დეტალურად უნდა იცნობდეს ყველა ბავშვის საჭიროებებს, მათ ფსიქოლოგიას, მოთხოვნებს, ქცევას, იცნობდეს და ეკონტაქტებოდეს მშობლებს და სხვ.   

როგორ დავიმსახუროთ კლასის ავტორიტეტი - მოსწავლეებმა არ უნდა დაინახონ, რომ თქვენი საქმის და მათ მიმართ გულგრილი ბრძანდებით. ამ შემთხვევაში ნდობის კრედიტი მომენტალურად ამოიწურება. თუ დრო არ გაქვთ, გადაუვადეთ შეხვედრა, რათა ბავშვმა წამითაც არ იფიქროს - მისი მდგომარეობა თქვენთვის სულერთია.
 
კლასში არ უნდა გყავდეთ ამოჩემებული ბავშვები, განსაკუთრებით ისინი, ვის მიმართაც სიყვარულს ხაზგასმით გამოხატავთ. ამ საკითხში გონივრული ნეიტრალიტეტის დაცვა მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ბავშვების აქტივობის სტიმულირება სხვების მაგალითზე მოახდინოთ, მაგრამ ისე, თითქოს ეს სხვათა შორის მოხდა. თითოეულმა ბვშვმა სხვისი წარმატება უნდა დაინახოს, რათა დაიჯეროს - ამის მიღწევა მასაც შეუძლია.     
თქვენი ერთ-ერთი ამოცანაა კოლექტივის გაერთიანება, განმტკიცება, მით უფრო მაშინ, როდესაც კლასი მცირე ჯგუფებად იყოფა. ამ საქმეში კოლექტიური გამარჯვების საყოველთაო განცდა დაგეხმარებათ. აქტიურად მიაღებინეთ თქვენს მოსწავლეებს მონაწილეობა სკოლის პროექტებში, შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში. თხოვეთ, რომ თვითონაც გამოიჩინონ შემოქმედებითი ინიციატივა.

ყურადღებით ადევნეთ თვალი ბავშვებს, მათ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. რიდის გარეშე მიულოცეთ დაბადების დღეები, სკოლის გარეთ მიღწეული წარმატებები. ბავშვებს ხიბლავთ და დიდხანს კარგად ახსენდებათ მასწავლებლის მიერ გამოჩენილი ყურადღება.        

თანამედროვე კლასის დამრიგებლის პორტრეტი - თანამედროვე კლასის დამრიგებელი დროში არ უნდა „გაიჭედოს", უწყვეტი თვითგანათლება-განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია მასწავლებელმა ბავშვების ასაკობრივ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული ლიტერატურა იკითხოს. ბავშვებს უნდა ჯეროდეთ, რომ მათი მასწავლებელი ინტელექტუალური და განათლებული ადამიანია. თანამედროვე ბავშვები დიდ დროს უთმობენ ინტერნეტს, ხელი მიუწვდებათ ზღვა ინფორმაციაზე, ამას კი შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. საუკეთესო შემთხვევაში, მოსწავლე მასწავლებელში თანამედროვე ადამინს უნდა ხედავდეს. ხშირად ისაუბრეთ აქტუალურ თემებზე. იყავით გულწრფელი, ტაქტიანი, დელიკატური, ღირსეულად შეაფასეთ თითოეული ბავშვის განუმეორებელი თვისებები.

ხშირად მოაწყეთ ფილმების ჩვენება, შემდეგ კი განიხილეთ ისინი.        

არასოდეს დაკარგოთ კავშირი მშობლებთან - სკოლა და ოჯახი ბავშვის განვითარებაში ერთი ჯაჭვის ორი რგოლია. ეცადეთ, სასკოლო აქტივობებში ირიბად მაინც ჩართოთ მშობლები. ეს რთულია, მაგრამ მოსწავლეებისთვის და თქვენთვის სასარგებლო.  

გიყვარდეთ ბავშვები. ამის გარეშე, ნებისმიერი თქვენი წამოწყება კრახს განიცდის.



Комментариев нет:

Отправить комментарий