пятница, 15 марта 2024 г.

მოსწავლის ვალდებულებები.

 

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.015.107

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №79/ნ

2010 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი

მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1ი“ ქვეპუნქტის, 281-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ი“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მოსწავლის ქცევის კოდექსი დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი                                                                  დანართი

მოსწავლის ქცევის კოდექსი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში „ქცევის კოდექსი“) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.

3. სკოლა ვალდებულია ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.

4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.

    მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი

1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.

2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

    მუხლი 3. რეგულირების სფერო

1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.

2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.

თავი II

მოსწავლის ქცევის წესები

    მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება

1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

    მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

    მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი

მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

    მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს

1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.

2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.

3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.

4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.

5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.

7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.

9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.

10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

ა) თამბაქოს ნაწარმი;

ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;

გ) სანთებელა ან ასანთი;

დ) ალკოჰოლური საშუალებები;

ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;

თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;

ი) ნარკოტიკული საშუალებები;

კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;

ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

დამრიგებლის საათის გეგმა

თემა: მოსწავლეთა ვალდებულებები

მიზანი: მოსწავლის მიერ საკუთარი  ვალდებულებების გააზრება, თვითორგანიზებულობის და თვითდისციპლინის მნიშვნელობის გააზრება და განმტკიცება. 

მსვლელობა:

პროვოცირება.

1.      ასოციაციური რუკა - მოსწავლეთა ვალდებულებები.

2.      დამრიგებლის მიერ მოსწავლეთათვის სადამრიგებლო საათის თემის, მიზნის, მუშაობის ფორმების გაცნობა. 

სიღრმისეული წვდომა

3.      მასწავლებლის მინილექცია თემაზე.

მოსწავლეს შეუძლია თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებით. სკოლას კი შეუძლია დაადგინოს მოსწავლის უფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა  უნდა განხორცილდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე.

 

 კანონმდებლობით განსაზღვრული მოსწავლის უფლებებიდან აღსანიშნავია:

(ეს თვალსაჩინოება გავაკეთოთ დაფაზე)

1.      ზოგადი განათლების მიღების უფლება

2.      საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება

3.      სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება

4.      გასაჩივრების უფლება

5.      ნეიტრალურობის პრინციპი და დისკრიმინაციის დაუშვებლობა

6.      გამოხატვის თავისუფლება

7.      შეკრების თავისუფლება

8.      გაერთიანების თავისუფლება

9.      პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

10.  რწმენის თავისუფლება

11.  დისციპლინა

12.  ძალადობის აკრძალვა

 

უფლებები არ არსებობს ვალდებულებების გარეშე. ამასთან,  მხოლოდ ვალდებულებების შესრულება წარმოშობს უფლებებს. იმისთვის, რომ  ჩვენი უფლებებით ვისარგებლოთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ და ვასრულებდეთ ჩვენს ვალდებულებებს.  თუ კი ჩვენს ვალდებულებებს არ ვასრულებთ, გამოდის, რომ მაშინ ჩვენ სხვის უფლებებს ვარღვევთ.  რისი უფლებები აქვთ მოსწავლეებს უკვე ჩამოვთვალეთ.  ახლა  გავეცნოთ - რა ვალდებულებები გააჩნიათ მოსწავლეებს.

 

1.      ჯგ. მუშაობა. (თითო ჯგუფს ეძლევა თითო ქცევის კოდექსი. მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს სამუშაოს შესრულების  ინსტრუქციას)  ჯგუფები პასუხობენ მოცემულ შეკითხვებს დოკუმენტის მიხედვით

1.      რა დოკუმენტია მოცემული?

2.      როდის არის გამოცემული იგი?

3.      ვინ აწერს ხელს დოკუმენტს?

4.      რამდენი თავისგან შედგება იგი?

5.      რამდენ მუხლს შეიცავს დოკუმენტი?

6.      რა თემაზეა საუბარი დოკუმენტში?

7.       გადმოეცით თქვენი სიტყვებით მისი მოკლე შინაარსი.

8.    მოცემული დოკუმენტის მიხედვით შეადგინეთ მოსწავლეთა მინიმუმ 10 ვალდებულება, რომელსაც გააცნობდი (ასწავლიდი) სხვა მოსწავლეებს.

 

(შესაძლებელია ჯგ. მუშაობა ჯიგსოუს მეთოდით)

2.      სამუშაოს დასრულების შემდგომ ჯგუფები  მოახდენენ დავალების პრეზენტაციას.  

 

მოსწავლეთა რეფლექსია.  

გასასვლელი ბარათები

 

დამრიგებლის რეფლექსია : ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Комментариев нет:

Отправить комментарий