среда, 30 августа 2017 г.

მოსწავლის ინდივიდუალური დახასიათება

მოსწავლე რომ შევისწავლოთ და დავახასიათოთ, აუცილებელია მასზე დაკვირვება ვაწარმოოთ. ეს მომენტი მაშინ უნდა განვახორციელოთ, როცა კლასი პირველად გადმოგვეცემა სადამრიგებლოდ და ყველა მოსწავლე მეტ-ნეკლებად უცნობია დამრიგებლისთვის. დაკვირვებისათვის უნდა ავირჩიოთ ერთი ან ორი მოსწავლე სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, (ან გნებავთ მთელ კლასზე ვაწარმოოთ დაკვირვება ერთი რომელიმე კონკრეტული მონაცემის მიმართულებით). მაგ:

1. დემოგრაფიული (ასაკი, ოჯახი)
2. ფიზიკური განვითარება
3. ინტერესი (სპორტი, მუსიკა, გართობა)
4. აკად./მოსწრება
5. კომუნიკაბელობა ( ურთიერთობა კლასელებთან, თანატოლებთან, უფროსებთან)
6. ემოციური თავისებურებები (აგრესიულობა, დეპრესიულობა, ოპტიმიზმი, ხალისი და სხვ.)


დაკვირვება წარმოებს ჩუმად უხერხული მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი პროცესის ბუნებრივი მსვლელობისას, რადგან ბავშვს არ უნდა შეექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას საგანგებოდ აკვირდებიან.
დაკვირვების შედეგის მაქსიმალური სიზუტის განსაზღვრისათვის, სასურველია, მას თან ახლდეს ჩანაწერების, ჩახაზვის, ფოტოგრაფირების და სხვა პროცესები, რომლებიც ასახავს ფაქტებს. ასევე, სასურველია, გამოვიყენოთ ისეთი ხერხები და საშუალებები, როგორიცაა:
1. საუბრები
2. წერილობითი პასუხები დასმულ კითხვებზე
3. სამუშაო დოკუმენტაცია (სკოლისა და მასწავლებლის სამუშაო გეგმები, მოსწავლეთა ნაწერები, განმსაზღვრელი შეფასებები ჟურნალიდან, ან განმავითარებელი კომენტარები სხვადასხვა საგნების მასწავლებლებიდან, სხვადასხვა სახის სტატსისტიკური მასალა თითოეულ მოსწავლეზე და ა.შ.)

რაც მთავარია, დაკვირვებას თან უნდა ახლდეს კონკრეტული დასკვნების გამოტანა. ესეც უნდა დაფიქსირდეს ჩანაწერის სახით. დასკვნები დამრიგებელს გამოადგება ყოველთვის მოსწავლის დახასიათების ან წლის ბოლოს სიტყვიერი კომენტარებისთვის.


========================

თუ მოსწავლეს აკვირდება არა დამრიგებელი, არამედ რომელიმე საგნის მასწავლებელი, მაშინ,

მასწავლებელი სპეციალურად უნდა დაუკვირდეს მოსწავლის უნარს – ყურადღებით არის თუ არა გაკვეთილზე? კერძოდ,
1. ყურადღების რომელი მხარე სჭარბობს მასში გაკვეთილზე (თავისუფალი; არათავისუფალი);
2. შეუძლია თუ არა თავისი ყურადღების განაწილება ადვილად ერთი სამუშაოდან მეორეზე?
3. შეუძლია თუ არა მოსწავლეს, მრავალი აქტივობიდან კონცენტრირება მოახდინოს ერთ კონკრეტულ შედარებით მთავარ საკითხზე?


რჩევები მასწავლებელს:
იმისათვის, რომ საგნის მასწავლებელმა იმუშაოს მოსწავლის ყურადღების განვითარებაზე, აუცილებელია იმუშაოს საკუთარ თავზე, კერძოდ, მან უნდა იცოდეს
1. რა ხერხები გამოიყენოს მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობისა და განვითარებისათვის?
2. მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობის რა ხერხები არსებობს გაკვეთილზე (გამოკითხვის, ახსნის დროს)?
3. რამდენად არის დამოკიდებული მოსწავლეთა ყურადღება მასწავლებლის მუშაობის სხვადასხვა სახეობაზე, კერძოდ:
ა) სასწავლო მასალის მიწოდების ხასიათზე (ლოგიკურობაზე, ემოციურობაზე);
ბ) კითხვებზე, როგორც კლასის აქტიურობის საშუალებაზე;
გ) თეორიული მასალის პრაქტიკული საშუალებების გამოყენების მოცულობაზე და ა.შ.

Комментариев нет:

Отправить комментарий