понедельник, 24 июля 2023 г.

მხარეთმცოდნეობა (გარემოს შესწავლა სადამრიგებლო საათზე)

(დამხმარე მასალა კლასის დამრიგებლებისთვის) 

მხარეთმცოდნეობას, გარემოს შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა ცხოვრებაში. ეს პროცესი ეხმარება მოსწავლეს გარემომცველი სამყაროს აღქმაში, თვალსაწიერის გაფართოებაში, წარმოსახვის უნარის განვითარებაში. საკუთარი გარემომცველი სამყაროს შესწავლა ხდება მომავალში სხვა მხარეების, ქვეყნების და სრულიად სამყაროს შესწავლის, გაგება-გააზრების საფუძველთა საფუძველი. ეს მომენტი აუცილებელი და მნიშვნელოვანია აგრეთვე, მოსწავლეებში ღირებულებების, პატრიოტული და მოქალაქეობრივი გრძნობების აღმოცენება-გაღვივებისათვის. ამ მხრივ პედაგოგებს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ. სწორედ ამიტომაც აუცილებელი და სავალდებულოა ამ პროცესში პედაგოგთა აქტიური პოზიცია. მოსწავლეთა აღზრდის მიზნით ( განსაკუთრებით, პატრიოტული და მოქალაქეობრივი აღზრდის მიზნით), აუცილებელია, რომ დასაწყისში თავად პედაგოგი კარგად ერკვეოდეს საკუთარი მხარის ბუნებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა თავისებურებებში. ყველაფერი რაც მოსწავლეს გარს აკრავს არ არის ერთნაირად მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პედაგოგმა იცოდეს მნიშვნელოვანი ობიექტების სწორი არჩევანი, რის შესახებ უნდა ესაუბროს იგი მოსწავლეებს. მან წინასწარ უნდა მოიფიქროს - 
* რის შესახებ მოუთხროს მოსწავლეებს, 
* განსაკუთრებულად გამოყოს ადგილობრივი მხარის სახასიათო ნიშნები, 
* გასაგები ენით მიაწოდოს მოსწავლეებს ინფორმაცია საკუთარი ქალაქის, სოფლის, რეგიონის მთელ ქვეყანასთან კავშირის, ადგილისა და როლის შესახებ. 

საქართველოს ნებისმიერი კუთხე განუმეორებელია. მაგ: ერთგან მნიშვნელოვანია საზღვაო აკვატორია, მეორეგან მარადიული მყინვარები, სხვაგან უდაბნოს ცხელი სუნთქვა ისმის, ერთი სოფელი მდინარის პირას აღმოცენებულა, მეორე მთებში ჩაკარგულა, ერთი ქალაქი მრავალეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა, მეორე ეროვნული კოლორიტული ტრადიციებით და ა.შ. 
ყოველ მხარეს ასევე, ჰყავს თავისი ცნობილი კოლორიტული ფიგურები თუ ისტორიული პირები, შრომისა თუ ბრძოლის გმირები, მხატვრები, პოეტები, სპორტსმენები, განთქმული მეცნიერები თუ უბრალო მოწინავე მშრომელი ადამიანები. ასეთი პირებით ნებისმიერ ქვეყანაში მთელი მოსახლეობა ასაკის მიუხედავად თავს იწონებს. 
თითოეულ მხარეში შრომაც განსხვავებულია. მაგ: ერთგან სახალხო მეურნეობის წამყვანი დარგი მრეწველობაა, მეორეგან, ტურიზმი, სხვაგან სოფლის მეურნეობა და ა.შ. 

ასევე, მნიშვნელოვანი და განუმეორებელია სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედება - ფოლკლორი, გამოყენებითი ხელოვნების დარგები. მაგ; იმერეთში მეთუნეობა, თიხის ჭურჭლის წარმოება, მთა-თუშეთში მატყლის დამუშავება და ხალხური რეწვა და ა.შ. 

მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სამშობლოსთვის, საკუთარი კუთხის ან ქალაქის, სოფლის და ა. შ. დასაცავად შრომასა თუ ბრძოლაში წინათ და ახლა, გმირობა ჩაიდინეს სამოქალაქო ტრაგედიების (ხანძარი, ზვავი, წყალდიდობა და ა.შ.) დროს, თავი დაამახსოვრეს მოსახლეობას თავისი ქმედებებით. 
აუცილებელია იმის გაგება-გააზრება, რომ როგორი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ჩვენი მშობლიური მხარე თავისი განუმეორებელი ბუნებით, კულტურით, ადგილობრივი ტრადიციებით, თუ ცნობილი ადამიანებით, ის მაინც მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია მთლიანი დიდი ქვეყნისა. აქ კი აუცილებელია ხაზგასმა იმისა, რაც ტიპიური მახასიათებელია მთელი ქვეყნისთვის. მაგალითად, - ადამიანები შრომობენ სხვადასხვა დაწესებულებებში (ხაზგასმა მხარის სპეციფიკის მიხედვით). ისინი მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად. ჩვენი მხარის მოსახლეობის შრომის შედეგი აუცილებელია არა მხოლოდ მათთვის, ვინც აქ მუშაობს, არამედ მთელი საქართველოსთვის. მაგ: ქვემო ქართლი მთელ საქართველოს ამარაგებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და ა.შ. - ჩვენს ქალაქში, სოფელში და ა.შ. როგორც ყველგან, იცავენ ხალხურ ტრადიციებს, აღნიშნავენ საერთო-სახალხო მნიშვნელოვან თარიღებს, პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს, პატივს მიაგებენ ცნობილ ადამიანებს, შრომის გმირებს და ა.შ. - აქ, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, ადამიანები ვალდებულნი არიან დაიცვან ბუნება, გაუფრთხილდნენ მას. - აქ, ისევე, როგორც ყველგან ადამიანები ზრუნავენ ბავშვებზე და ა.შ. 
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეიმეცნონ კონკრეტული ფაქტები, მოახდინონ გარემო პირობებზე დაკვირვება და უმარტივესი ანალიზი, წარმოიდგინონ, რომ მათი ქალაქი (სოფელი და სხვა) წარმოადგენს საქართველოს (ჩვენი ქვეყნის) ერთ პატარა ნაწილს, აუცილებელია, რომ მასწავლებელმა მისცეს მათ პირველდაწყებითი, მიმოხილვითი ხასიათის ცნობები ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნის ისტორიიდან - მასწავლებელმა უნდა ესაუბროს მოსწავლეებს, რომ ისინი არ არიან განყენებულნი გარემოსაგან, არამედ თავად მასში (გარემოში) არსებობენ. 
წარმატებისთვის აუცილებელია დაიგეგმოს გარკვეული მოცულობის ცოდნა იმ ქვეყნის, იმ მხარის, გარემოს შესახებ, სადაც ცხოვრობენ მოსწავლეები თავად. მაგალითად, 

ქვეყნის გეოგრაფიაზე პირველი წარმოდგენები (საერთო ცნობები) 

1. ფიზიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა 
2. მდინარეები და ტბები, მთები, დაბლობები და ა.შ. 
3. ქვეყნის დედაქალაქი
4. ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები 

მხარის (რეგიონის) გეოგრაფიაზე პირველი წარმოდგენები 

1. რეგიონის მდებარეობა ქვეყნის რუკაზე 
2. რეგიონის მთავარი ქალაქი, მისი მახასიათებლები, სამრეწველო პირობები 
3. მხარის ბუნებრივი და კლიმატური პირობები 
4. მოსწავლეთა საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია 

კულტურის გაცნობა 

1. საერთო ცნობები: მოსახელობა- მისი მდიდარი კულტურა (ფოლკლორი), საცხოვრებელი სახლები, ნივთები, ჩასაცმელი, ადგილობრივი კულტურული ტრადიციები და განუმეორებელი ხელოვნება - ხელოსნობა და ხალხური რეწვა და ა.შ. 
2. ყველა კუთხეში იცნობენ საქართველოს ცნობილ ადამიანებს (ხელოვნების მუშაკებს), რომლებიც უგალობენ, პატივს მიაგებენ, ხოტბას ასხამენ ჩვენს სამშობლოს. 
3. აქ შესაძლებელია ცალკე აქტივობად დაიგეგმოს ინფორმაციის მოძიება განსაკუთრებით ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შესახებ და დაიგეგმოს ექსკურსია მუზეუმთან ერთად. 

მხარის შესასწავლად, გარემოს გასაცნობად აუცილებელია მოხდეს დაგეგმვა. დაგეგმარება დამოკიდებულია მასწავლებლის შემოქმედებაზე. იგი უნდა მოხდეს მიზანმიმართულად სხვადასხვა თემების მიხედვით. მასწავლებელმა მიზანმიმართულად უნდა გამოყოს ფართო მოცულობის მსხვილი თემები. მაგ: 

1. მშობლიური ბუნება 
2. ჩვენი ქვეყნის ხალხები 
3. ადამიანთა შრომა და ა.შ. 

თითოეული ეს მსხვილი თემა შემდგომში კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაწვრილმანდეს საჭიროებისდა მიხედვით მხარის სპეციფიკის შესაბამისად. მაგალითად, თემა „ადამიანთა შრომა“ შეიძლება დავაკონკრეტოთ შემდეგ ნაწილებად და გამოვიყენოთ კონკრეტულად ის, რომლის ცოდნასაც ჩვები გარემო საჭიროებს...

1. მშენებელთა შრომა 
2. მეპურეთა შრომა 
3. მევენახეთა შრომა და ა.შ. 

ბუნებრივია, მშენებელთა შრომაზე სავარაუდოდ, ვისაუბრებთ ქლბათ ქალაქი, სადაც დიდი მშენებლობებია და ბავშვი თავისი თვალით ხედავს, მევენახეთა შრომაზე ვისაუბრებთ სოფლად, სადაც ამის საჭიროება იქნება და ა.შ. ეს პედაგოგის სურვილზე, მიზანზე, გარემო საჭიროებებზეა დამოკიდებული. 

თემები რასაკვირველია განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად, ცნობილი ადამიანების შესახებ თემები რა თქმა უნდა განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, თუ რომელი მხარისთვის რომელი პიროვნებაა უფრო მნიშვნელოვანი. მაგ: მთისთვის ვაჟა ფშაველა, ქვემო ქართლისთვის სულხან-საბა ორბელიანი, შიდა ქართლისთვის იაკობ გოგებაშვილი და ა.შ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია აღინიშნოს პიროვნების ღვაწლი ადგილობრივი მხარისთვის და აუცილებლად, დამსახურება საქართველოს წინაშე.

სადამრიგებლო საათის იმ გაკვეთილებზე, როელიც მხარეთმცოდნეობას ეძღვნება,  მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნათელი, ცოცხალი სიტყვა, მუსიკა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, სიმღერები და ლექსები სამშობლოზე, ინფორმაციები ადამიანთა შრომის, თავდადებული გმირობის, აქტიური სამოქალაქო პოზიციის, გმირობის შესახებ. 

ეს ყველაფერი ავითარებს მოსწავლეებს მრავალმხრივად. მაგალითად, ავითარებს მათში წარმოსახვას, ზრდის პატრიოტულ და მოქალაქეობრივ, პასუხისმგებლობის გრძნობებს, ხდება მოვალეობების გააზრება, ფართოვდება მოსწავლეთა ეკოგანათლება, ხდება მათში მზრუნველობითი დამოკიდებულების აღმოცენება და სიამაყის გრძნობა, იზრდება სილამაზით ტკბობის უნარი. ვითარდება შემოქმედებითობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий